ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს არასრულწლოვნების გამოკითხვას აგრძელებს. კომისიის წევრებმა უკვე დაკითხეს ერთი მოზარდი.
შეკითხვებს სამი მოზარდი უპასუხებს, მათ შორის არის მირზა სუბელიანის შვილის ახლო მეგობარიც.
სამივე მათგანი უშუალოდ იმყოფებოდა სისხლიანი გარჩევის ადგილზე და უშუალოდ შეესწრო კონფლიქტს.
ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, სერგო რატიანის თქმით, კომისია ახალ მნიშვნელოვან გარემოებებს ოპერატიულ რეჟიმში აწვდიან შსს-ს.
„გამოძიებას არ დაუსვამთ ამ ახალგაზრდებისთვის ის კითხვები, რომელიც აუცილებელი იყო, რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი გამოკითხულიც კი არ იყო,“ - განაცხადა რატიანმა.
ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ მოზარდების დაკითხვა ფართო სურათის დანახვაში დაეხმარება საგამოძიებო კომისიას.
საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ კიდევ ერთი რეკომენდაციით მიმართა, რომელიც გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე მკვლელობის კონკრეტულ ვერსიის უკავშირდება.