17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
დაცვის პოლიციელი სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებს - პროკურატურა შსს-ს შიდა დაპირისპირების გამოძიებას იწყებს

პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა დაპირისპირების გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება კონფლიქტს ორ პოლიციელს შორის, სავარაუდო მსხვერპლი დაცვის პოლიციის თანამშრომელია, შესაძლო მოძალადე კი სამინისტროს შიდა მაკონტროლებელი ორგანოს მაღალჩინოსანი.

დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ გენერალურ ინსპექციაში მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი მუნდირზე სამხრეები ჩამოაგლიჯეს. ჯავახიშვილის თქმით, განსაკუთრებული აგრესიით გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, გიორგი ქრისტესიაშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც ის 4 ძალოვანთან ერთად ოთახში შეათრია და ფიზიკურად გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის თანამშრომლები მას შემდეგ დაიბარეს, რაც პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. საქმის მასალებით ივანე ჯავახიშვილი, ცოლზე ძალადობდა, რის მას მეუღლესთან კავშირი აუკრძალეს და ძიება ოჯახური ძალადობის მუხლით აღძრეს.

შს სამინისტროს თანამშრომლის მეუღლე „კურიერს“ უყვება, რომ უკვე რამდენიმე წელია, ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, ბოლოს ჯავახიშვილი ცოლთან სამსახურში მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მაია ვარდიაშვილი ამბობს, რომ შეეშინდა და საპატრულო პოლიციაც ამიტომ გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინპექციაში ჯავახიშვილზე სამართალდამცველებს არ უძალადიათ და ის თავად იქცეოდა აგრესიულად და სამხრეებიც საკუთარი ხელით დაიხია. „კურიერის“ კითხვებს დღეს ბრალდებების მთავარმა ადრესატმა, გიორგი ქრისტესიაშვილმა არ უპასუხა.

გამოძიება ორი მიმართულებით, ოჯახში ძალადობისა და პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი, ია გულიაშვილი.

დღის ამბები