„ბაბუაჩემი გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო. ბებია კი - მარიამ მაყაშვილი. ამ სურათიდანაც ჩანს, რომ ბაბუას ბევრი მედალი ქონდა. თუმცა მე მას არ ვიცნობდი როგორც გენერალს, მაგრამ ვიცნობდი როგორც ბაბუას,“ - ასე იხსენებს ქართველ გენერალს შვილიშვილი, მარიამ დ’აბო „კურიერთან“ ინტერვიუში.
დ’აბო ჯეიმს ბონდის გოგო 1987 წელს გახდა. ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“ მან აგენტ 007-ზე შეყვარებული ჩელისტის, კარა მილოვის როლი შეასრულა. მას შემდეგ „ბონდის გოგოობა“ მის სტატუსად იქცა.
თითქმის ყველა სტატიაში რაც მასზე დაწერილა, პირველი წინადადება აუცილებლად ჯეიმს ბონდის მეთხუთმეტე სერიას უკავშირდება, სადაც ბრიტანელ აგენტს ტიმოთი დალტონი თამაშობს. ამ თემას მარიამ დ’აბომ ფილმი მიუძღვნა, მთავარი კითხვით - რას ნიშნავს იყო ბონდის გოგო?
„როდესაც მსახიობებს ვკითხე - რას ნიშნავს იყო ბონდის გოგო? თითქმის ყველამ, დაწყებული ურსულა ანდერსიდან დამთავრებული ჰოლი ბერით მიპასუხეს, რომ ეს ექსკლუზიური კლუბის წევრობას გავს. არც ისე ბევრ ქალს ხვდა წილად გამხდარიყო ბონდის გოგო, ანუ გამხდარიყო ისტორიის ნაწილი, ასე რომ ეს მართლაც ექსკლუზიური კლუბია,“ - აცხადებს მარიამ დ’აბო.
ექსკლუზიური კლუბის წევრებთან შეხვედრისა და შთაბეჭდილებების გაცვლის შემდეგ, მარიამ დ’აბოს ცხოვრება მალევე შეიცვალა. მსახიობი ტვინში ანევრიზმით ლოს ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გამოუსწორებელი შედეგის დადგომას დ’აბო საათებით გადაურჩა.
ამ ამბის იღბლიანი დასასრულით, მსახიობი ახლა სხვების დახმარებას ცდილობს. ამიტომ თავის პირად ამბავს, ყველა სირთულეს, რაც ავადმყოფობასა და რეაბილიტაციის პროცესს ახლავდა თან, დოკუმენტურ ფილმში ყვება. ფილმის რეჟისორი, მისივე მეუღლე, ოსკაროსანი ჰიუ ჰადსონია.
ფილმში დასავლეთის საუკეთესო ნევროლოგები პირადად ყვებიან, როგორ ცვლის ანევრიზმა ან ინსულტი პაციენტის პიროვნებას და როგორ უნდა გაუმკლავდნენ ავადმყოფობას არამარტო ისინი, ვინც ტრამვა გადაიტანეს, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.
ეს ფილმი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათისაა, ამიტომ მარიამს ახლა სურს სურათი ქართულმა აუდიტორიამაც ნახოს, როგორც შესაძლო გზა პრევენციისთვის და პაციენტების მდგომარეობის უკეთ გაგებისთვის.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.