ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიხაშხოში მცხოვრებლები აქციებით იმუქრებიან. მიზეზი სოფლის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
დიხაშხოში, სადაც 20 კომლი ცხოვრობს, ადგილობრივებთან მისასვლელი ერთადერთი გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია. საბჭოთა პერიოდში აგებული ხიდი, რომელიც დიხაშხოს ხიდისთავის თემთან აკავშირებდა, 9 თვის წინ სტიქიამ დააზიანა და მისი აღდგენა დღემდე არ დაწყებულა. უგზოობის გამო სოფელში ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ვერც სახანძრო მანქანები ადიან.
გზის და ბუნებრივი აირის გარდა ადგილობრივებს სოფელში არაერთი პრობლემა აქვთ. დიხაშოელები რამდენიმე წელია ხელისუფლებას გარე განათების სისტემის დამონტაჟებასაც უშედეგოდ სთხოვენ. სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება სოფელს ოპოზიციური განწყობის და მცხოვრებელთა სიმცირის გამო სჯის.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ბრალდებებს უარყოფენ. ამბობენ, რომ პრობლემები, რომელიც სოფელს აწუხებს მოგვარების პროცესშია.
ავტორი: ლადო მენაბდე.