ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერთან შეხვედრა ვერ შეძლეს. ისინი დღეს სამ საათზე მეტხანს ელოდნენ პასუხს, როდის შეძლებდნენ მამუკა ბახტაძის ნახვას.
მათ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ წერილს და მოთხოვნებს, რომელიც პრემიერის სახელზე ჩააბარეს, მთავრობის მეთაურს აუცილებლად გადასცემდნენ და პასუხსაც პრემიერისგან სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ.
ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა 30-მდე გახმაურებულ საქმეებზე რეაგირებას ითხოვენ. საუბარია საქმეებზე, რომლებზეც დაზარალებულებს ამ დრომდე არა აქვთ კონკრეტული პასუხი საგამოძიებო უწყებების მხრიდან და ამ დრომდე არ დამდგარა მართლმსაჯულება.
„მოთხოვნა ის იყო, რომ აქ არის ჩემი ჩათვლით ძალიან ბევრი შვილმოკლული მშობელი, რომლებსაც შვილები დაუხოცეს და დღესდღეობით როგორც ჩემი შვილის მკვლელები, გარეთ დანავარდობენ. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს ჩვენი მოთხოვნა კი არ არის, ეს პირდაპირი ვალდებულება არის პროკურატურის, შსს-ს და ხელისუფლების,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.