ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია კვირის ბოლოს მოწმეების დაკითხვას დაასრულებს და დასკვნაზე დაიწყებს მუშაობს.
დეპუტატებს ერთი თვე აქვთ დოკუმენტის მოსამზადებლად. დღეს კი კომისიის წევრებმა გლდანის ციხეში ფსიქოლოგის, ადვოკატების და კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გამოკითხეს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ დეპუტატებმა მოზარდებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს დაპირისპირებაში მონაწილე პირების შესახებ.
ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა კი კომისიას მიაწოდა ინფორმაცია მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
„თავად ბრალდებულმა მოითხოვა, რომ დაიწყონ გამოძიება ერთ-ერთ დეტალზე, უმნიშვნელოვანესი დეტალი მიაწოდა, ეს შეეხება მის წაყვანას და მის პოლიციაში ყოფნას. დაკავებამდე ჰყავდათ ის, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში მარტო და მასზე მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიციის მხრიდან. ეს არ არის ქალაქის სამმართველო, როგორც თავად ბრალდებული აცხადებს, ეს იყო ძველი თბილისის სამმართველოში,“ - განაცხადა ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ.