„მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის მომავალი საქართველოს პრეზიდენტი,“ -ასეთია მიხეილ სააკაშვილის შეფასება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შანსებთან დაკავშირებით.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებით ხდება ზუსტად იგივე, რაც იყო ვარდების რევოლუციის დროს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას არ ჰყავს ალტერნატივა, რადგან ის არის სწორედ ის ძალა, რომელიც თანმიმდევრულ პოლიტიკას გაატარებს.
რაც შეეხება კონსტიტუციით შეზღუდულ პრეზიდენტის უფლებებს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირი შეძლებს ქვეყნისთვის მაქსიმალური გააკეთოს.
„როგორც ზღაპრებშია წყვდიადი, რომ გაიბნევა და უცებ მზე ამოვა, ასევე იქნება ვაშაძის არჩევა პრეზიდენტად, ეგრევე მზე ამოვა და ეგრევე ეს წყვდიადის ჯოჯოები აორთქლდებიან,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა იმ პირებზეც ისაუბრა, რომლებიც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარტიას ოპონირებას უწევდა. მათ შორის იყო მურმან დუმბაძე და თაკო ჩარკვიანი, რომლებიც ამჯერად გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აჭარის გათავისუფლებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის, რომ აჭარას რუსეთი ვერ მართავს, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მურმან დუმბაძეს.
სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მურმან დუმბაძესთან მას ჰქონდა საუბარი, მას დუმბაძემ უთხრა, რომ მის შეხედულებებს გადახედა. რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის გულწრფელი და ღირსეული ადამიანია, რომელიც იცავს თავის ქვეყანას.
„ჩვენ ვკარგავთ ახლა ჩვენ სამშობლოს, ამიტომ ახლა ყველამ უნდა გადავდოთ ყველა წინა განსხვავება. რა დროს ეს არის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ეროვნული სიამაყე" უწოდა პაატა ბურჭულაძესაც, რომელიც ასევე უცხადებს მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან დაუშვა პოლიტიკური შეცდომები, თუმცა, ამ შეცდომებისგან დაცული არავინ არის.
„განსხვავებით ივანიშვილისგან, ნამდვილად ქველმოქმედია და იმან გამოაცხადა ყაჩაღად,“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მთელი ცხოვრება იამაყებს იმ მიღწევებით, რომელიც ამ წლებში იყო. მაგრამ ახლა ახალი გამოწვევები დროა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდი ამოცანის წინაშე დგას და ამიტომ აუცილებელი გახდა დიდი გაერთიანება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი იქნება.