გრიგოლ ვაშაძე და რუსეთის თემატიკა - მიხეილ სააკაშვილმა იმ ხალხს, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს "რუსეთის აგენტად" მიიჩნევს, "გაუნათლებელი" უწოდა.
„ის ხალხი, ვინც იძახის გრიგოლ ვაშაძის რუსობაზე, არის გაუნათლებელი და არ იცნობს ისტორიას,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმიაში იყვნენ ადამიანები, ვინც მსახურობდნენ, როგორც გენერლები, მაგრამ „ყოფა უტირეს რუსეთს“.
„გრიგოლ ვაშაძე იყო დიპლომატი. დიპლომატები საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიპლომატი მეტი ვერსად იმუშავებდა. მაგრამ იმის გამო რომ ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ზედმიწევნით იცოდა ყველა რუსული ხრიკი. ჩვენ გავუმართეთ ბრძოლა რუსეთს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაღიარების კუთხით ვაშაძემ რაც მათ დღე აყარა, ეს წარმოუდგენელი რაღაც იყო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ ქართული ღვინო შეუშვეს რუსეთში, ეს გრიგოლ ვაშაძის დამსახურებაა.
მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს ადარებს და აცხადებს, რომ სწორედ მან, საფრანგეთის მოქალაქემ თქვა, რომ სააკაშვილმა თავად დაბომბა ქართული სოფლები იმისთვის, რომ რუსეთისთვის დაებრალებინა, რაც რუსული რიტორიკაა.