თბილისში, რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების პროტესტი გრძელდება - მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელისუფლებას შეცდომების აღიარებისთვის ვადა 26 დეკემბრამდე მისცა.
მაჩალიკაშვილის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროცესებში სხვა სახელმწიფოს ლიდერების ჩართვას შეეცდება.
გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილი 20 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში რიგითი მოქალაქეები და პანკისელები იმყოფებოდნენ. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის და ზაზა სარალიძე უკან დახევას არ აპირებენ.
„მე მოვითხოვ პირდაპირ აღიაროს სახელმწიფომ შეცდომა. არადა მივმართავ სხვა ქვეყნების ლიდერებს. როგორიც არის თურქეთი, ევროპის ქვეყნები, ამერიკა, ასეთ ქვეყნებს ვგულისხმობ მე. გვაქვს მოფიქრებული, დაწერილი ყველანაირად, რომ ჩაერიონ ამ საქმეში,“-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების პროტესტი 77-ე დღეა გრძელდება. ზაზა სარალიძის თქმით, მისი უფლებადამცველები ამზადებენ საბუთებს სტრასბურგში გასაგზავნად.