19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ევროკავშირი და ნატო ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება - გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დაინიშნა

ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა და ევროკავშირმა უკვე გაავრცელა.

ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის ზღვაოსნობის უფლებას მის ტერიტორიულ წყლებში.

„ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინის პორტებზე აზოვის ზღვაში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - წერია ოანა ლუნგესკუს განცხადებაში.

ევროკავშირი კი რუსეთს ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების აღდგენისკენ მოუწოდებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს აგრესიულ ქმედებები დაგმო კანადამაც.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს დაკავებული გემების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ქერჩის სრუტეში მომხდარი დაპირისპირების გამო გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დაინიშნა.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ეხმაურება.
„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის“ - წერია დავით ზალკალიანის განცხადებაში.

დღის ამბები