„მეორე ტურის წინ დაფიქსირდა უპრეცენდენტო ზეწოლა, ძალადობა, დაშინების ფაქტები,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას გააკეთა.
რატიანი რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრის სახლზე მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმას გმობს. დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ძალადობრივ გზებს მიმართავს სასურველი შედეგის მისაღწევად, რაც სერგო რატიანისთვის მიუღებელია.
სერგო რატიანის თქმით, ამომრჩეველმა ხელისუფლების სასურველ კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭიროს.
„ეს ხელისუფლება უბრალოდ საშიშია უკვე სამოქალაქო მშვიდობისთვის და სწორედ ამიტომ, საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ძალა და მათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა წააგოს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
გუშინ გვიან ღამით, მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმის სამიზნე ამჯერად რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრის სახლი გახდა.
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ოპოზიციის წარმომადგენლის სახლს მაშინ ესროლეს, როცა იქ ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა კონკრეტული ეჭვმიტანილები პოლიციას ჯერ არ ჰყავს.
მოლოტოვის კოქტეილი ოპონენტების წინააღმდეგ პირველად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გამოიყენეს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის სახლში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს.