გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ამჯერად ცესკო მანიპულირებს საარჩევნო გადასატანი ყუთებით.
კერძოდ, ბეჟაშვილის ინფორმაციით, გაზრდილია იმ ამომრჩევლების რიცხვი, ვინც ხმა გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უნდა მისცეს. ლევან ბეჟაშვილმა დღეს ფარულად გადაღებული ვიდეო მასალაც წარადგინა სადაც ის ადამიანები ჩანან, რომლებიც თითქოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადასატან ყუთს საჭიროებენ, რეალურად კი მათ გადაადგილების არანაირი პრობლემა არ აქვთ.
„ჩვენს მიერ დადგენილია, რომ ჩუღურეთში თუ ღებულობდა პირველ ტურში მონაწილეობას გადასატანი საარჩევნო ყუთით 658 ამომრჩეველი, მეორე ტურისათვის ეს რიცხვი გაზრდილი არის 545 ამომრჩევლით და შეადგენს 1193 ადამიანს. ასევე ნაძალადევში მონაწილეობას ღებულობდა 1076 ამომრჩეველი და დრეს ეს რიცხვი გაზრდილი არის 856-ით და შეადგენს 1930 ამომრჩეველს . გადასატანი საარჩევნო ყუთი კვლავ რჩება ცესკოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ იარაღად რომ მოახდინოს არჩევნების მანიპულირება, როგორც წესი ამ მეთოდით ხდება ამომრჩევლის ნების გაკონტროლება და პირდაპირ თავზე ადგანან ქართული ოცნების წარმომადგენლები და კომისიის წევრები და ცდილობენ რომ შემოახაზინონ 48,"-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ როდესაც საარჩევნო ყუთის მიტანა მოქალაქესთან დილის საათებში ხდება, ამ მოქალაქეებს სთხოვენ, რომ საღამოს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დამატებით მისცენ ხმა.
„არ გაგაყალბებინებთ ამ არჩევნებს, ფეხდაფეხ მოგყვებით,“-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.