პანიკა „ოცნების“ საარჩევნო შტაბები, სადაც ყველა მეთოდს ამუშავებენ იმისთვის, რომ ამომრჩევლის მობილიზება და მათი კონტროლი მოხდეს - ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ გრიგოლ ვაშაძე ამ არჩევნებს იგებს, რის გამოც ისინი მიმართავენ ყველა უკანონო მეთოდს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მოსყიდვა და ამომრჩევლის შანტაჟი შედეგს ვერ გამოიღებს.
„გრიგოლ ვაშაძე იგებს არჩევნებს. 52% აქვს მას, 48% აქვს სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და 28 ნოემბერს დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ამომრჩეველი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად დააფიქსირებს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერს, რომელიც ქუთაისში „ოცნების“ შტაბშია გადაღებული და სადაც პარტიის აქტივისტები საუბრობენ, რომ ისინი ამომრჩევლის მობილიზებას ვერ ახერხებენ. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს არის დამადასტურებელი იმის, რომ ამ არჩევნებში უპირობო გამარჯვება აქვს გრიგოლ ვაშაძეს.
ჩანაწერებს ეხმაურებიან „ევროპულ საქართველოშიც.“ გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებული პანიკის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ჩანაწერებამდეც იყო.
„ეს ვითარება ამ ჩანაწერებამდეც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის. ივანიშვილის გუნდს იმედი ჰქონდა რომ დაშინებით, მოსყიდვით მოყვანილი ხალხით და ამ ხმებით მოიგებდნენ არჩევნებს და ამ ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. მათ მიმართეს ახლა მეორე ხერხს, რომ არ მოხვიდეთ არჩევნებზე ეუბნებიან იმ ამომრჩეველს ვისზეც იციან, რომ არ არიან სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიმცემები,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„რესპუბლიკურ პარტიაში“ კი ამბობენ, რომ ამ ჩანაწერმა კიდევ უფრო დაარწმუნა როგორც პარტია, ასევე საზოგადოება, რომ არც ერთი მეთოდი რომელსაც ხელისუფლება იყენებს, არ იქნება შედეგიანი.
„მიუხედავად იმისა, რომ კვლევები აჩვენებს, რომ მცირედით აქვს უპირატესობა გრიგოლ ვაშაძეს, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანის გაკეთების დროს ეს უპირატესობა გაიზრდება,“-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.