სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამომრჩევლებზე ზეწოლის მოსახდენად სრულად არის მობილიზებული. ჩუბინიძის უწყების 36 თანამშრომელი საარჩევნო აგიტაციას მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს. ისინი დროებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას ჩამოაშორეს და ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით, კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში მიავლინეს.
ამ ადამიანების სია „კურიერს“ სანდრო წყარომ მიაწოდა. სახელებისა და გვარების გარდა იქ წერია ის რაიონები, სადაც მათ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის უნდა იმუშაონ.
ისინი ვისაც, სახელმწიფო უწყებებისა და ჩინოვნიკების დაცვა ევალებათ, ახლა ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ და მათ 28 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ. 36-კაციან სიაში სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყველა თანამდებობის პირია.
ოპოზიცია ამბობს, რომ ძალოვანები განსაკუთრებით მეორე ტურის წინ გააქტიურდნენ. გივი თარგამაძის ინფორმაციით, ყველა რეგიონში ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით მუშაობენ სუს-ის, შსს-სა და ახლა უკვე სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები. ისინი იყენებენ ზეწოლის ყველა ფორმას, შანტაჟს, მუქარასა და სხვადასხვა სახის დაპირებებს. ”ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, სწორედ ძალოვანი უწყებები ამყარებენ კავშირებს შავი სამყარო წევრებთან და ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენებს ასევე არჩევნების მოგების მიზნით იყენებენ.
"კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია საარჩევნო აგიტაციშია სახელმწიფო დაცვის თანამშრომლების მონაწილეობისა და შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, არასანდო აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის.
„კურიერის“ ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის რიგით თანამშრომლები და მაღალი თანამდებობის პირები სამსახურეობრივ მოვალეობებს არც არჩევნების დღეს შეასრულებენ.