18 მაისი 2024,   00:43
ვრცლად
საშობაო ტრადიცია - ალილოს მონაწილეები მსვლელობისთვის ემზადებიან 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში ტრადიციულად  ალილოს მსვლელობა იგეგმება. მსვლელობა დღეს 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. 

ალილოს მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. საბოლოდ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება.

მსვლელობას გამოეყოფა ერთი ჯგუფი, რომელიც ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივა, სადაც მათ საჩუქრებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადასცემს.

კასპის რაიონის სოფელი მეტეხიდან სპეციალურად ალილოს მსვლელობისთვის კამეჩები ჩამოიყვანეს. 

„ჩვენ ტკბიულეულს ვუგროვებთ და ვატანთ სამებაში. მეტეხიდან მოვდივართ ჩვენი ურმებით, ჩვენი კამეჩებით. 11 წელიწადია დავდივარ და მოვულოცო შობა-ახალი წელი ჩვენს დედაქალაქს“- ამბობს მეტეხის მკვიდრი ზაქრო თათარაშვილი.

მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი იქნება, რომელიც მიმსგავსებული იქნება მაცხოვრის შობის ღამესთან. კერძოდ, იქნებიან მოგვები, ქურუმები და მწყემსები. შემოწირული ტკბილეული კი ხარ–კამეჩიან ურმებზე შეგროვდება. 

მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მიიღებენ მონაწილეობას, შესრულდება საშობაო საგალობლები. 

ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემს. შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებს და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით დღეს თბილისში ქუჩები გადაიკეტება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

14:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე.

დღის ამბები