17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"ვმუშაობთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად" - დავით ზალკალიანი ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე საუბრობს

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი, თვითმკვლელობა გახდა. დავით ზალკალიანის თქმით, სამინისტროს ეს ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიაწოდა. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, უწყება დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.

"ინფორმაცია, რაც მოგვაწოდა ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, არის ის, რომ მათ ხელთარსებული ინფორმაციით, ჩვენმა მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. დამატებითი ინფორმაციები ამ გარემოებებთან დაკავშირებით იქნება დადგენილი და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს საქმის კურსში ჩავაყენებთ, ვმუშაობთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებადაც, “- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება ირაკლი კვარაცხელიას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხს, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მას არ აქვს დამატებით დეტალებზე ინფორმაცია, გადმოსვენების საკითხზე სხვა სტრუქტურები მუშაობენ და მიღებულ ინფორმაციას საზოგადოებას გააცნობენ.

თვითმხილველთა ინფორმაციით კი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა თაგილონი-ნაბაკების ახლოს მდებარე საოკუპაციო ზოლზე დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ადგილზე შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ოკუპანტები მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ. სხეულზე დაზიანებები თავისა და ზურგის არეში მიაყენეს.

ბაზაზე მათ ექიმიც გამოიძახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები