პოლიტიკური ანგარიშსწორება ლანჩხუთის ბაღებში - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყოფილი სპეციალისტი ამბობს, რომ სამსახურიდან ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. კახა ორაგველიძის თქმით, მან ,,ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვა, რის შემდეგაც დაწესებულების დირექტორმა ის სამსახურიდან დაითხოვა.
დაზარალებულმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს საჩივრით უკვე მიმართა.
„ყველაფერი დაიწყო 2018 წელს, როდესაც დაინიშნა ახალი დირექტორი ნატა კობოლავა. მან პირად საუბარში მომთხოვა, რომ გავმხდარიყავი „ქართული ოცნების“ აქტიური აქტივისტი, რაზეც უარი მიიღო და ამის შემდეგ მალევე გამათავისუფლეს სამსახურიდან,“-აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყოფილი სპეციალისტი კახა ორაგველიძე.
ორაგველიძის გათავისუფლების მიზეზებზე საუბარი ბაღის დირექციას არ სურს.
„უხერხულია იმის თქმა, რატომ გაათავისუფლეს კახა. თუ გაინტერესებთ პროცესი გაიმართება და მიბრძანდით იქ. არ არის ის მართალი, რასაც თვითონ ამბობს,“-აცხადებს იურისტი ირმა ჯანაშია.