ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია “TV4“-მა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად არხის ხელმძღვანელობა მედიაზე ზეწოლას ასახელებს.
გიორგი მგალობლიშვილი არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში ხელისუფლების გარკვეულ ჯგუფს ადანაშაულებს, თუმცა მათი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
მაუწყებლობას “TV4” რამდენიმე დღეში გააგრძელებს. ზეწოლის ფაქტზე და დეტალებზე კომპანიის ხელმძღვანელობა მათივე არხის პირდაპირ ეთერში აპირებს საუბარს.
„ადრეც ყოფილა ზეწოლა, უფრო ადრეც, ყველა მთავრობის დროს იყო, თუმცა ასეთ ეტაპამდე არ მივსულვართ. არის მცდელობები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. არის სამთავრობო ჯგუფები, ამიტომ გამოვთქვით პროტესტი შავი ფონით, გავთიშეთ ტელემაუწყებლობა, აუცილებლად დავბრუნდებით ეთერში რამდენიმე დღეში და გავაკეთებთ განმარტებას ყველაფერთან დაკავშირებით,“-აცხადებს ტელე-რადიო კომპანიის ”ტვ 4”-ის გენერალური დირექტორი, გიორგი მგალობლიშვილი.