ანაკლიის კონსორციუმთან ხელისუფლების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი - მამუკა ხაზარაძემ „შაბათის კურიერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლის თქმით, ბიზნესში რისკების შეფასება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა არსებულ სიტუაციაში ეს მიდგომა კითხვებს იწვევს.
„ამ პროექტს და საერთოდ, ანაკლიის პორტს აქვს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ის ძალისხმევა, რომელიც ამ პროექტს მიიყვანს გამარჯვებამდე, რამეთუ, შეიძლება ეს მომენტი ჩვენ გაგვექცეს კინკლაობაში, ჩასაფრებულ მდგომარეობაში და ბოლოს აღარავის აღარ დააინტერესებს ორი და სამი წლის მერე ვინ რა კონტრაქტს დებდა იმისათვის, რომ რაღაც იურიდიული დასკვნა მიეღო. ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს უფლება და ალბათ სწორსაც შვებიან, რომ შეისწავლონ ყველა რისკები მათი მხრიდან, ამაში მე რაღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. უბრალოდ, რატომ ხდება ეს დღეს და ამ სიტუაციაში ეს ცოტა კითხვებს იწვევს,“- აცხადებს ხაზარაძე.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ იმის დასადგენად, თუ რა ზარალს ნახავს თუკი მამუკა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, უცხოელი იურისტები დაიქირავა. პარალელურად ფარული მოლაპარაკებებს ჩინურ კომპანიასთან აწარმოებს, რომელსაც ანაკლიის პორტის გადაბარებას სთავაზობს.
იურიდიულ ფირმასთან კონტრაქტის დადებას ადასტურებს ეკონომიკის მინისტრი, თუმცა კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლების მცდელობას უარყოფს.
„სხვა კომპანიით კონსორციუმის ჩანაცვლება არ იგეგმება. დიახ, ასეთი კონტრაქტი იყო დადებული და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი. ჩვენ გვაქვს უფლება და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად აზრიანი, რომ ჩვენ შევაფასოთ იურიდიული რისკები იმისი, თუ ვთქვათ, კონსორციუმმა ვერ შეძლო კაპიტალის მოზიდვა,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.