პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, ადამინების ცემის გახშირებული შემთხვევები წინასწარი მოთავსების იზოლატორებში და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული სხვა გამოწვევები - სახალხო დამცველმა მედიას ანგარიში წარუდგინა.
დოკუმენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ნინო ლომჯარიამ ასევე ხაზი გაუსვა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას. მისი თქმით, გამოძიების დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის.
ომბუდსმენმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზეც ისაუბრა. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ინტერესი ყველა შესაძლო დამნაშავის გამოვლენა შესაძლებელია, თავიდანვე არ ყოფილიყო. ნინო ლომჯარიას თქმით, ასევე, ადგილი ჰქონდა ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებებს.
„პირველ რიგში, დავიწყებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო მიმდინარე გამოძიებით. სამწუხაროდ, ჩვენთვის დღემდე არ არის ცნობილი მიმდინარე გამოძიების დეტალები და მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურამ დროულად უნდა გასცეს პასუხი გარდაცვალების გარემოებებს. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებას, ჩვენ მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ინტერესი შესაძლებელია, თავიდანვე არ ყოფილიყო ყველა შესაძლო დამნაშავის გამოვლენა. ადგილი ჰქონდა ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებებს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.