17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ხანძარი ბათუმში - სასტუმრო "მგზავრებიდან" დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა

ხანძარი ბათუმში - ცეცხლი დღეს დილით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "მგზავრებში" გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროს საუნაში გაჩნდა, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები. უსაფრთხოების მიზნით სასტუმროს შენობიდან დამსვენებლების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 

„შემოვიდა შეტყობინება სასტუმრო „მგზავრებში“, რომ იყო ხანძარი. იმავდროულად გავიდა 3 ავტო ცისტერნა და 1 კიბე. მისვლისთანავე დადგინდა, რომ პირველ სართულზე, სადაც განთავსებული იყო საუნა, იწვოდა საყოფაცხოვრებო ნივთები  და  სააბაზანოს ხის მოპირკეთება დაახლოებით 3 კვადრატულ მეტრზე. დაახლოებით 10 წუთში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. სასტუმროდან ევაკუირებული იქნა მაცხოვრებლები და ასევე პერსონალი. დაშავებული არავინ არ არის,“ - აცხადებს ბათუმის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი​ ხუსეინ სირაბიძე.

შეგახსენებთ, "მგზავრების" კიდევ ერთ სასტუმროს ცეცხლი 2 დღის წინ ბაკურიანშიც გაუჩნდა.

დღის ამბები