თბილისის მერიის ფავორიტი კომპანია შ.პ.ს. "ნილი" მორიგ სკანდალში გაეხვა. მიზეზი კი ბაღების მომარაგებაში აღმოჩენილი დარღვევებია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არაჟანში ცხოველური ცხიმების ნაცვლად მცენარეული ცხიმია აღმოჩენილი, ყველში კი - რძის ფხვნილი.
თბილისის არც ერთ საბავშვო ბაღში რძის ნაწარმი დღეს არ შესულა და საჯარო ბაღების აღსაზრდელები არაჟნის, მაწვნის, ყველისა, ხაჭოსა და კარაქის გარეშე დარჩნენ.
ირკვევა, რომ ბაღების მომმარაგებელ კომპანიას, შ.პ.ს. ნილს ბავშვებთან შეჰქონდა არა რძის ნაწარმი, როგორც ამას კონტრაქტი ავალდებულებდა, არამედ მისი შემცვლელი პროდუქტი, რაც რიგ შემთხვევაში მცენარეულ ცხიმებზე იყო დამზადებული.
საბავშვო ბაღების კვებაზე სრული პასუხისმგებლობა შ.პ.ს. ნილს აკისრია, რომელიც თავის მხრიდან აფორმებს ხელშეკრულებებს ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებიც კონკრეტული პროდუქტებით ბაღების მომარაგებას ახდენენ.
ბაღების მართვის სააგენტომ კი სეს-ის დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუწყდეს ბაღებს რძის პროდუქტების მიწოდება, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
მომმარაგებელი კომპანია კი ბრალდებებს უარყოფს.