17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა - ომბუდსმენის ანგარიშში ნიკა მელიას, ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა

ოპონენტების პოლიტიკური დევნის გახმაურებული შემთხვევები სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. მათ შორის, ნინო ლომჯარიას თქმით, პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს შეიცავდა ნიკა მელიას დაკავება, რომელსაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს. პოლიციამ მაშინ რამდენიმე საათი მოანდომა იმის გარკვევას, მართლაც იყო თუ არა მელია პარლამენტის წევრი.

“ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, ეს საქმე მოყვანილი გვყავს როგორც თავისუფლების აღკვეთის ფაქტი. როგორც დეპუტატის დაკავების შემთხვევა. პოლიციის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისინი აზუსტებდნენ მის ვინაობას იყო თუ არა ნამდვილად დეპუტატი. თუმცა მიგვაჩნია, რომ ის რამდენიმე  საათი ნამდვილად არ იყო საჭირო, რომ დადგენილიყო, რომ ის იყო დეპუტატი და მისი დაკავება იმ ფორმით რა ფორმითაც მოხდა იყო უკანონო,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია პოლიტიკური დევნის ნიშნებზე საუბრობს ვანო მერაბიშვილის საქმეზეც და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს ევროპის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს. ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს დროულად დაასრულოს გამოძიება.

„რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს, აქ კიდევ ერთხელ ვახსენებ ხელისუფლებას, რომ მას შესასრულებელი აქვს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები და პირველ რიგში პროკურატურას, რომელმაც დაიწყო კვლავ გამოძიება ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით და ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას მათ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია რა ეტაპზეა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კიდევ ერთი საქმე, რომელთან მიმართებაშიც ომბუდსმენი პოლიტიკურ დევნის ნიშნებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილს შეეხება. საუბარია თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმეზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მუხლი რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას იყო ზოგადი და თანამდებობის პირების მიმართ გამოყენებული უნდა იქნას კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლები.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ჩვენ ვეხებით ერთ-ერთ განაჩენს, რომელიც ე.წ. შეწყალების საქმეს ეხება. ამ საქმეზე სახალხო დამცველმა წარადგინა სასამართლო მეგობრის  მოსაზრება, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა. და ორ ძირითად მიმართულებაზე ვამახვილებდით ყურადღებას. პირველი ეს იყო არა პირდაპირი მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვამბობდით რომ ეს იყო მტკიცების დაბალი სტანდარტი და ამაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. რაც იყო ამ შემთხვევაში საქმეში. და მეორე, თავად  შეწყალების საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი გასამართლდა  ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით. მაშინ როდესაც ჩვენ ვფიქრობდით რომ ეს არის ძალიან ზოგადი მუხლი და პოლიტიკური თანამდებობის  პირების მიმართ არ უნდა ხდებოდეს ამ მუხლის გამოყენება და უნდა ხდებოდეს  უფრო კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლების გამოყენება,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ

დღის ამბები