17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ბავშვებისთვის სახიფათო პროდუქცია შედიოდა საბავშვო ბაღებში და 60 ათასი ბავშვის ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე - ხაბეიშვილი

„ბავშვებისთვის სახიფათო პროდუქცია შედიოდა საბავშვო ბაღებში და 60 ათასი ბავშვის ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე,“ - ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ხაბეიშვილი საბავშვო ბაღების რძის პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ სამი თვის წინ საუბრობდა  საბავშვო ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა შ.პ.ს. ნილს ეკისრებოდა.

„კითხვა არის დედაქალაქის მერთან, როცა სოციალურად დაუცველები და გაჭირვებული ადამიანები იმიტომ ატარებენ ბაღში, რომ რძის პროდუქტები ჭამონ ბავშვებმა. ახლა რამდენიმე კვირაა ეს პროდუქტები ამოღებულია ამ განცხადების საფუძველზე, ამ ყველაფერზე ვინ არის პასუხისმგებელი, სამი თვე, რომ ფაქტობრივ ნაგავს ჭამდნენ ბავშვები და აგერ, ეს ყველაფერი ამას ადასტურებს და პლუს ის, რომ რძის პროდუქტები რამდენიმე კვირა უკვე აღარ შედის ბაღებში,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის მერიის ფავორიტი კომპანია შ.პ.ს. ნილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. თბილისის არც ერთ საბავშვო ბაღში რძის ნაწარმი დღეს არ შესულა და საჯარო ბაღების აღსაზრდელები არაჟნის, მაწვნის, ყველისა, ხაჭოსა და კარაქის გარეშე დარჩნენ.

მიზეზი კი ბაღების მომარაგებაში აღმოჩენილი დარღვევებია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არაჟანში ცხოველური ცხიმების ნაცვლად მცენარეული ცხიმია აღმოჩენილი, ყველში კი - რძის ფხვნილი.

ბაღების მართვის სააგენტომ კი სეს-ის დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუწყდეს ბაღებს რძის პროდუქტების მიწოდება ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საბავშვო ბაღების კვებაზე სრული პასუხისმგებლობა შ.პ.ს. ნილს აკისრია, რომელიც თავის მხრიდან აფორმებს ხელშეკრულებებს ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებიც კონკრეტული პროდუქტებით ბაღების მომარაგებას ახდენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები