17 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
"ჩვენ არაფერი დაგვიმტვრევია, ღია კარებში შევედით" - DIRSI-ში შეჭრილი დევნილები კომპანიის დირექტორის ბრალდებებს პასუხობენ

საცხოვრებელ კომპლექს DIRSI-ში შეჭრილი დევნილები კომპლექსის დირექტორის ბრალდებას პასუხობენ.

მათი თქმით, ბესიკ ჯიქურაულმა იცრუა, როცა თქვა, რომ შეჭრილებმა ახალაშენებულ კორპუსებში ვანდალიზმი ჩაიდინეს 

დევნილები ამბობენ, რომ მათ არაფერი დაუზიანებიათ. ითხოვენ, ჟურნალისტების შეუშვან და მათ დაათვალიერებინონ ის სადარბაზოები, სადაც ისინი განლაგდნენ.

"რომ ამბობენ, ეს კარები დაამტვრიეს, ეს ფანჯრები დაამტვრიეს, რაღაც დამტვრეულიაო, ვინ ნახა, რომ დამტვრეულია? შეგიშვან ჟურნალისტები და ნახეთ, ერთი კარი თუა გატეხილი, ერთი ფანჯარა თუა გატეხილი. სართულებზეც კი არ შევსულვართ, ფოიეში შევედით ღია კარიდან. წამალზე გავედი და მერე აღარ შემიშვეს,“ - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

300-მდე დევნილი კვლავაც დირსის დასახლებაში რჩება. 3 ახლადაშენებული კორპუსი იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 4 დღის წინ დაიკავეს. ისინი სახელმწიფოსგან ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. თუმცა, ეს მოთხოვნა ამ დრომდე დაკმაყოფილებული არაა.

დევნილებმა რამდენიმე საათის წინ ულტიმატუმი წამოაყენეს, ისინი პოლიციის კორდონის მოხსნას, ადვოკატისა და ჟურნალისტების შეშვებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები