ფილარმონიის შენობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს დღეს ინტერნეშენელ ივენთსის დირექტორი გამოეხმაურა.
გიორგი კერესელიძის თქმით, მისი კომპანიისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანაცხოვრება ტექნიკურად შეუძლებელია. ამასთან, როგორც კერესელიძე აცხადებს, მთავრობა უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, შეუწყვიტოს თუ არა იჯარა ინთერნეშენელ ივენთსს.
რაც შეეხება თბილისის სიმფონიურ ორკესტრს, მათი პრეტენზიები უცვლელია.
„ის ფაქტი, რომ ეს არის ისტორიულად ორკესტრის სახლი და ჩვენ ამ სახლში არ ვაბრუნებთ, ესაც ძალიან გადამეტებული და ხშირ შემთხვევაში, მართლაც სპეკულაციური განცხადებებია. აქ თუ ჩვენ 150-კაციან კოლექტივს მუდმივად მივიღებთ, პრაქტიკულად სხვა კონცერტის ჩასატარებელი ადგილი და დღე არ გვრჩება იმიტომ, რომ ჯერ ერთი, არ გვაქვს სარეპეტიციო ფართი, სადაც ამდენ ადამიანს განვალაგებთ,“ - აცხადებს გიორგი კერესელიძე.
არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ფილარმონიის დარბაზში არ არის ტექნიკური შესაძლებლობა სიმფონიური ორკესტრის განთავსებისთვის, ნიკოლოზ რაჭველისთვის მიუღებელია.
„ამ პროცესის დროს, სამწუხაროდ, კულტურის მინისტრის მოადგილე, ბატონი მიხეილ გიორგაძე, უცებ დაფიქსირდა, როგორც დაინტერესებული მხარე. მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ფილარმონიის დარბაზში არ არის ტექნიკური შესაძლებლობა, განთავსდეს სიმფონიური ორკესტრი იმ ადამიანების მხრიდან, რომელთათვისაც ტექნიკურად შესაძლებელი აღმოჩნდა ფილარმონიაში სპორტდარბაზის, საუნის, სამშენებლო კომპანიების და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებების განთავსება,“ - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.