მასიური მოწამვლა სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშო ბაღში დღეს კრიტიკული ვითარება იყო. 25 ბავშვს, რომელსაც პრაქტიკულად ერთდროულად დაეწყო პირღებინება და მუცლის ტკივილი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ბავშვები შეუძლოდ საუზმის შემდეგ გახდნენ.
რამდენიმე სასწრაფო ბრიგადამ პატარები თელავის ორ საავადმყოფოში გადაანაწილეს, სადაც ისინი ამ დრომდე რჩებიან.
სააღმზრდელო დაწესებულებაში საკვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავენ. წინასწარი ვერსიით, მოწამვლა სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია.
მილების დაზიანების გამო, გუშინ ბაღს წყალის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა. სურსათის უვნებლობის სამსახურის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეკეთების დროს გამანაწილებელ აუზში მომწამვლელი წყალი დაგროვდა, რაც ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა.
სოფელ ბუშეტის ბაღის გამგე საკუთარ ახსნა-განმარტებაში, რომელიც ექსპერტებს მისცა, ადასტურებს, რომ დილით წყლის დალევის შემდეგ თავადაც ცუდად გახდა. თუმცა, საბოლოო პასუხი თბილისში ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ბუშეტის ბაღის 25 აღსაზრდელის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.