სასიკვდილო საფრთხე - ახალი ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ ტყვია დასაშვებ ნორმას აღემატება 268 დასახელების პროდუქტში, რომლსაც მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს.
საგანგაშო შედეგით, მთავარ სამშენებლო მასალებში - ცემენტში, სამშენებლო ბლოკში, გაჯსა და კედლის საღებავში, ტყვია დასაშვებ ნიშნულს ბევრად აღემატება. ტყვიის გადაჭარბებული დოზა აღმოაჩინეს შპალერში, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარასა და ლამინირებულ იატაკში.
თბილისის სხვადასხვა უბანში ახალგარემონტებული ბინებიდან აღებული სინჯებით დგინდება, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.
ტყვია საშიში ნივთიერებაა ადამიანისთვის, რომელიც აზიანებს ტვინს, ფილტვს, თირკმელს, რეპროდუქციულ სისტემას და სისხლს. ტყვიის დიდი ოდენობა ორგანიზმში შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს. ტყვია განსაკუთრებით აფერხებს ბავშვის გონივრულ განვითარებას და აზიანებს მათ ფსიქიკას.
საქართველოში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მოსახლეობას ტყვიის შემცველი პროდუქტისგან დაიცავს.
ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება საბავშვო სათამაშოებში. ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა ტაივანური წარმოების სათამაშო მანქანებში, მატარებლებში, კუბიკ-რუბიკში, ასევე საბავშვო საკანცელარიო ნივთებში.
ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით საშიში ნივთიერება აღმოჩნდა საკვებ პროდუქტებში. საგანგაშო შედეგებით ირკვევა, რომ ყვითელ ყვავილში, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე მოიხმარეს, ტყვია დასაშვებ ზღვარზე 250-ჯერ მეტია.
გამოცდილი მკვლევარების მიერ დადებულ დასკვნას არ ენდობიან დაავადება კონტროლის ცენტრში. ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
მასშტაბური კვლევა სამეცნიერო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.