თბილისის საქალაქო სასამართლო, ამ წუთებში, ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული აქტივისტების საქმეზე მსჯელობს.
აქციის მონაწილეები, პირველ აპრილს დააკავეს, როცა ისინი მშენებლობის დროს დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდნენ.
პოლიცია მათ სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. დაკავებულებს შორის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც დღევანდელ პროცესზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას მოითხოვს.
პოლიცია მას სიტყვიერ შურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და სამართალდამცველებს მისი გინების დამადასტურებელი მასალის წარდგენას სთხოვს.
"ეს არის შაბლონურად შევსებული დოკუმენტი, ცხადია, იქ სხვა ავსებდა სხვა გაკავებდა, მანქანაში სხვა გეჯდა. ვინც ეს შეავსო, უბრალოდ გამოიყენა შაბლონი, წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ პროცესზე, რომელიც მიდიოდა. ცხადია, მას არ დაუნახავს და არ შეუფასებია ჩემი ქმედებები - ამიტომ ამ ოქმში ზოგადი მონაცემებია ჩაწერილი, რაც სცდება რეალობას,"-ამბობს ვახუშტი მენაბდეს.
ბრალდებულებს შორის არის არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა სუბელიანი. მისი თქმით, დაკავების პროცესში მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მისთვის გაუგებარია ის ბრალდება, რომელსაც გამოძიება ედავება.
სულ ბრალდებულია აქციის 6 მონაწილე, მოსამართლემ დღეს უნდა იმსჯელოს, დაეკისრებათ თუ არა მათ ადმინისტრაციული სახდელი.