თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული აქტივისტები უკვე 4 საათია საქმის განხილვას ელოდებიან.
პროცესი 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლე ჯერ არ გამოჩენილა. აქციის მონაწილეები, 1 აპრილს დააკავეს, როცა ისინი მშენებლობის დროს დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდნენ.
პოლიცია მათ სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება.
დაკავებულებს შორისაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც დღევანდელ პროცესზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას მოითხოვს. პოლიცია მას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მენაბდე სამართალდამცველებს მისი გინების დამადასტურებელი მასალის წარდგენას სთხოვს.