საკნები ვენტილაციის გარეშე, გადაკეტილი სასმელი წყალი და დამამცირებელი მოპყრობა ე.წ დეესკალაციის საკნებში, სადაც პატიმრებს ღამის გათენება ანტისანიტარიულ პირობებში, იატაკზე უწევთ - ბათუმის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულების პატიმრებმა ციხეში არსებული გაუსაძლისი პირობები უკიდურესი ფორმით გააპროტესტეს. ისინი ერთმანეთს მავთულით გადაებნენ და თვითდაზიანებები ყელისა და ხელის არეში მიიყენეს.
#3 დაწესებულების პატიმრები ღირსების შემლახავ პირობებზეც საუბრობენ. ამბობენ რომ ე.წ. სამარტოო საკნებში საპირფარეშოზე ადმინისტრაცია ვიდეო თვალთვალს ახორციელებს.
პროტესტს კი ციხიდან წერილი უძღოდა. გზავნილს, რომელშიც პატიმრები შველას ითხოვენ, 16 მსჯავრდებული აწერს ხელს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კი ბრალდებებს უარყოფენ და განმარტავენ რომ დეესკალაციის საკნებში პატიმრების გადანაწილება მათივე უსაფრთხოების გამო, მიყენებული თვითდაზიანებების შემდეგ მოხდა. კითხვაზე - რატომ ჰქონდათ პატიმრებს აკრძალული ნივთები, რომლითაც დაზიანებები მიიყენეს, უწყებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე