17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
ჰემატომა და ტვინის ტრავმული დაზიანება - სოფელ კაჭრეთში, 55 წლის მამაკაცზე ძალადობაში პოლიციას ადანაშაულებენ

გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ზვიად მთავრიშვილი სამართალდამცველებმა ისე სცემეს რომ მას თავის ტრეპანაცია და ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. „კურიერს“ მომხდარის შესახებ დაზარალებულის ოჯახის წევრებმა აცნობეს, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახი შეშინებულია, კამერების წინ საჯაროდ ლაპარაკს ერიდება. 

55 წლის მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში ოჯახური კონფლიქტის შემდეგ მოხვდა. სოფელ კაჭრეთში ჰყვებიან, რომ დაზარალებული ახლო ნათესავებს ეჩხუბა, რის გამოც მათ სამართალდამცველები გამოიძახეს. პოლიციის განყოფილებაში კი მთავრიშვილს სცემეს. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, პოლიცია სკანდალს მოერიდა და ის სახლში გაუშვა, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. რამდენიმე დღეში მთავრიშვილი ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში მოხვდა, შემდეგ კი რეანომობილით ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

კაჭრეთის პოლიციაში მომხდარს უარყოფენ. ამბობენ, რომ სოფელში გამოძახების შემდეგ ადგილზე სწორედ მათი განყოფილება გავიდა, თუმცა ძალადობა არ მომხდარა.

ჰემატომა თავის ტვინში - ეს არის დიაგნოზი, რომლითაც 55 წლის ზვიად მთავრიშვილი საავადმყოფოსი მოათავსეს და ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 

ოჯახის საჩივრის საფუძველზე მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეამოწმა კაჭრეთის პოლიციის განყოფილების ვიდეო ჩანაწერები, გამოკითხა საქმეში მონაწილე პოლიციელები და სამართალდამცველების ბრალეულობა ვერ აღმოაჩინა. პარალელურად, საქმის გამოძიება დაიწყო კახეთის საოლქო პროკურატურამაც. 

 

დღის ამბები