17 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში - სოფელ ვეჯინში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახის 5 ბავშვს, მინდობით აღზრდაში გადაყვანა ემუქრება

მრავალშვილიანი ოჯახის ხუთ არასრულწლოვანს მინდობით აღზრდაში გადაყვანა ემუქრება. ბავშვები უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებიან. მათ სარჩენად მშობლებს ფიზიკურად მუშაობა ხშირად სახლიდან შორს უწევთ. ნინო ზავრაშვილს კიდევ ორი შვილი ჰყავს, მათგან ერთი შშმ პირია. და-ძმების მოვლა 18 წლის გოგონას უწევს.

შვიდი შვილის დედას ნინო ზავრაშვილს სახლი სოფელ ვეჯინში, რამდენიმე წლის წინ ფონდმა "იავნანამ" უყიდა. შენობა დროთა განმავლობაში შესაკეთებელი გახდა, თუმცა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს ამის ფინანსები არ ჰქონდა. ჭერი დაზიანდა, სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა კედლები დაანესტიანა. იატაკი აიყარა და ფანჯრების უმეტესობაც უკვე შუშების გარეშეა. პატარებს ხშირად საჭმელიც არ აქვთ.

სოციალური მუშაკები არასრულწლოვნების მძიმე პირობებზე საუბრობენ. მათ დედა უკვე გააფრთხილეს, რომ ბავშვები შესაძლოა მიმღებ ოჯახში გადაიყვანონ. დედა არ მალავს, რომ ვერ ახერხებს შვილებზე სრულყოფილად ზრუნვას, მაგრამ ამბობს, რომ შვილების გადაყვანას მინდობით ოჯახში არ დათანხმდება.

ამ ოჯახის გაჭირვების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარგად იციან და სახლის გადახურვას ჰპირდებიან. მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბავშვების სხვა ოჯახისთვის გადაცემა კი მერის განმარტებით ამ ეტაპზე არ იგეგმება. 

 

ავტორები: ია გულიაშვილი, ნინო გაზდელიანი

დღის ამბები