17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მკვირცხლი ტემპერამენტი, მაგარი კონსტიტუცია და კარგი ექსტერიერი - მეგრული ჯიშის თხაზე ტენდერი გამოცხადდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა მეგრული ჯიშის თხაზე ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ უწყება ეძებს თხას, რომელსაც აქვს კარგი განვითარება, ჯანმრთელობა, მეგრული ჯიშისთვის დამახასიათებელი ტიპურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა, მაგარი კონსტიტუცია, მკვირცხლი ტემპერამენტი და კარგი ექსტერიერი - მაგარი ძვალეულით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტენდერის მიხედვით, უწყება ამ შესყიდვებს გადაშენების ზღვარზე მყოფი მეგრული ჯიშის თხების შესაძენად აცხადებს. სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნდა შეიძინოს 11 თხა და გაამრავლოს.

მეგრული ჯიშის თხა სხვა ჯიშის თხებისგან დიდი ცხიმიანობითა და გემრიელი ხორცით გამოირჩევა. აქვს მაღალი ხარისხის რძე, რომელიც ბავშვთა კვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ასევე, ადვილად ადაპტირდება გარემოსთან და არ უჭირს კლდოვან საფარზე გადაადგილება. მისი რძისგან კი რამდენიმე სახეობის ყველი მზადდება.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეგრული ჯიშის თხების შესყიდვისთვის 2 ათას 500 ლარი დახარჯა.

თხების ტენდერი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა, ფერმერებისათვის გაუგებარი აღმოჩნდა.

ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულდა. გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, რომელიც ყველაზე უკეთ გაერკვა მოთხოვნებში, სამეცნიერო მიზნების გამო ცენტრს მაგარი კონსტიტუციისა და მკვირცხლი ტემპერამენტის ცხოველები უნდა გადასცეს.

 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები