ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში, სადაც 125 მმ-იანი მილსადენი გადის, 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მილზეა დამოკიდებული ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალს 27 კორპუსისთვის გაზის მიეწოდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ბუნებრივი აირის მილის არსებობის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ და თბილისის მერიამ დამალეს. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მშენებლობის დაწყებისას მილი დაზიანდა, გაზმა გაჟონა, მოსახლეობამ კი საპატრულო პოლიცია და „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახა.
მილსადენი ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტლის ტერიტორიაზე 1961 წლიდან გადის, თუმცა 2016 წელს ტოპოს გეოდეზიური კვლევა კომპანიამ ისე მოამზადა, რომ მილსადენი არ დაატანა. მერიის სამსახურმა კი არ გადაამოწმა და პროექტი ჩაიბარა. არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, რომ მათ მილის არსებობის შესახებ არ იცოდნენ.
კომპანია ”სეუ დეველოპმენტში” ამბობენ, რომ ტერიტორია 2019 წლის იანვარში მას შემდეგ შეიძინეს, რაც მერიამ წინა მესაკუთრეს მშენებლობის ნებართვა მისცა. მილის აღმოჩენის შემდეგ კი კომპანია „ყაზტრანსგაზს“ მიმართეს.
ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტლის მოსახლეობა უბანში კორპუსის მშენებლობას უკვე სამი თვეა აპროტესტებს. თბილისის მერიას საპროექტო დოკუმენტაცია კომპანიამ 2016 წელს წარუდგინა, თუმცა, საბოლოოდ ნებართვა 2018 წლის 31 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე მიიღეს. საპროექტო ნახაზებში, რომელიც მოსახლეობის ადვოკატმა შეისწავლა, გაზის მილი დატანილი არ არის.
„ყაზტრანსგაზში“ განმარტავენ, რომ მილის გადატანის პროექტზე მუშაობენ, თუმცა მჭიდროდ დასახლებულ უბანში სად გადაიტანენ მილს, ეს ჯერ უცნობია.