დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, ქვეყანა დატოვა, - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა მიაწოდა.
როგორც ადვოკატი ამბობს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მადრიდში გაემგზავრა, გადაწყვეტილება კი გუშინ, გვიან ღამით, მიიღო.
როგორც ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, ბაგრატიონ-მუხრანელმა გუშინ შეიტყო,რომ დედა ცუდად გაუხდა. კითხვაზე, აქვს თუ არა მტკიცებულება დავით ბაგრატიონ-მუხრანლეს, რომ დედა ნამდვილად ავად ჰყავს, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საავადმყოფოდან შესაბამისი დოკუმენტაცია ჯერ გამოთხოვილი არ აქვს.
ჩხეიძის თქმით, დეტალებზე ის მას შემდეგ ისაუბრებს, რაც დავით ბაგრატიონი მადრიდში ჩავა.
ადვოკატი ამბობს, რომ მიმდინარე სამართლებრივ დავას, რომლის მიხედვითაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს, დავით ბაგრატიონის წასვლასთან კავშირი არ აქვს. ჩხეიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეფე ძებნილი არ არის.
მისივე თქმით, ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც გაიგო, რომ ყოფილი რძალი, მის შვილს ცემასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.
„როგორც კი ბატონი დავითი ჩავა ესპანეთში, ჯერ გზაშია, ჰოსპიტლიდან მოცემულ ყველა დოკუმენტაციას გავასაჯაროებთ. ის, რომ ასეთი ბრალდებები წამოვიდა მის შვილთან მიმართებაში, ამან იქონია სტრესული გავლენა მასზე, მიიღო ღამით შეტევა და გადაიყვანეს კლინიკაში. პირველი ბატონ დავითს გამოძიებისთვის არ შეუტყობინებია ქვეყნის დატოვების შესახებ, ამაში უკანონო არაფერი იყო, ის არ არის ძებნაში და შესაბამისად მან თავისუფლებად შეძლო საზღვრის გადაკვეთა,“- ამბობს ადვოკატი.