6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრები, ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს რამდენიმე ექიმის გადადგომას ითხოვენ. ისინი მედპერსონალს არაპროფესიონალიზმში და გულგრილობაში ადანაშაულებენ.
კიწმარიშვილების ოჯახი აცხადებს, რომ ბავშვი ექიმების დაუდევრობის და არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. ისინი ჰყვებიან, რომ 6 წლის ბავშვი საავადმყოფოში მაღალი სიცხით 3 თვის წინ მიიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი რამდენიმე დღეში თბილისში გადაიყვანეს.
ბავშვის ახლობლების თქმით, მოზარდი არა ბავშვთა, არამედ ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ინფექციურ საავადმყოფოში მისი მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, რომლის შემდეგაც მოზარდი თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში იგი გარდაიცვალა.
საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გერმანიიდან დასკვნა რამდენიმე დღეა, რაც მიიღეს. დასკვნაში კი წერია, რომ ბავშვს ღვიძლის პრობლემა ჰქონდა და მას არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.