17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
დროზე გამოიძიონ, თორემ ჩვენ ჩვენი გზებით გავაკეთებთ ყველაფერს - ახალქალაქელები სამლოცველოს დარბევაზე საუბრობენ 

ახალქალაქში მე-13 საუკუნის სამლოცველოში ვანდალიზმის შედეგად დაზიანებულ სიწმინდეებს ექსპერტიზა უტარდება. სამართალდამცველებმა დამტვრეული ხატები ექსპერტიზაზე წაიღეს.

მე–13 საუკუნის სამლოცველოში ხულგუმოსა და ბავრას მოსახლეობა წლებია ლოცულობს. ეკლესია დასახლებული პუნქტიდან, მოშორებით არის. „კურიერის“ ჯგუფს ადგილზე მისასვლელად დაახლოებით, ერთი კილომეტრის გავლა მოუწია. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ სიწმინდეების დაზიანება შეგნებულად მოხდა.

„ძველი ტაძარია, ყველა ქრისტიანისთვის ყოველთვის ღიაა. ვის მოუვიდა აზრად თავში ასე, რომ მოიქცა, ვერ მივხვდით. ვფიქრობთ, ნორმალური ადამიანი ამას არ გააკეთებდა. შიზორფრენიკია ის, ვინც ეს ჩაიდინა. ძვირფასეული რამე იქ არ იყო. ხელით გაკეთებული ხატებია. რატომ დააზიანეს არ ვიცით,“ - ამბობს ადგილობრივი.

მოსახლეობა ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ და მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

„ის რაც გააკეთეს, არაადამიანურია. არ ვიცით ვინ და რატომ ჩაიდინა ეს, მივმართავთ ხელისუფლებას, დროზე გამოიძიონ და დააკავონ დამნაშავე, თორემ ჩვენ ჩვენი გზებით გავაკეთებთ ყველაფერს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დაუდგენელი პირები სამლოცველოში ღამით შეიჭრნენ, დილით სალოცავად მისულ მოქალაქეებს კი ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ რელიგიურ ნიადაგზე ადრე კონფლიქტი არასოდეს ყოფილა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რეგიონში ვითარება დაიძაბოს.

მომხდარზე გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

სალოცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა და მომხდარი ფაქტით უკვე დაინტერესდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები