ღვთისმშობელისა და იესო ქრისტეს დამტვრეული ხატები, დალეწილი ჩარჩოები, გადატეხილი ჯვრები და ძირს დაყრილი შანდლები - სოფელ ხულგუმოში მე-13 საუკუნის სამლოცველო დაარბიეს.
ახალქალაქში, მოსახლეობა, ვინც დილით დამტვრეული ხატები ნახა აღწერს, რომ მდგომარეობა სალოცავში უმძიმესი იყო და ხატები ექსპერტიზაზე პოლიციამ უკვე წაიღო. ხულგუმოს სამლოცველოში ხალხი მიმდებარე სოფლებიდან უკვე წლებია, დადის და ეკლესიის კარი არასდროს იკეტება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი რამ აქ პირველად მოხდა.
ახალქალაქის მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ძნელად მისასვლელი გზის მიუხედავად, თოვლსა და სიცივეში, ხულგუმოში თავდამსხმელები საგანგებოდ მივიდნენ და ასეთი ვანდალური აქტი პროვოკაციის მიზნით დაგეგმეს.
ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და მე-13 საუკუნის კულტურული ძეგლის დამრბევების დასჯას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დამნაშავეს თავად იპოვიან და სახალხო წესით გაასამართლებენ.
ხულგუმოში გვიანობამდე მუშაობდნენ კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას გულისხმობს“.
კარტიკამის თემის ხეობაში მდებარე რვა საუკუნის წინანდელ სამლოცველოს 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკულტო ნაგებობა მე-13 საუკუნით დათარიღებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელსაც ქართული არქიტექტურისთვის სახასიათო აშკარად გამოკვეთილი ფორმები და რელიეფი აქვს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი