17 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
განგაში და მგზავრების ევაკუაცია - სადგურ „სამას არაგველში“ მოსახლეობას ვაგონები დაატოვებინეს

განგაში და მგზავრების ევაკუაცია მეტროს მატარებლიდან. სადგურ „სამას არაგველში“ მოსახლეობას ვაგონები დაატოვებინეს. ტექნიკური პრობლემები თბილისის მეტროპოლიტენს დღის 12:00 საათზე შეექმნა. მგზავრებისთვის არავის განუმარტავს რატომ დაიწყო ევაკუაცია. 

მგზავრები ყვებიან, რომ თბილისის მეტროში შეფერხებები იშვიათი არაა. ხშირად ჩერდება მოძრაობა და მატარებლები ე.წ. ჩიხში გადაჰყავთ. მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ.

იმას, რომ თბილისის მიწისქვეშა ტრანსპორტს პრობლემები აქვს ადასტურებს ქალაქის მერიც. კახი კალაძე ამბობს, რომ მატარებლები საბჭოთა კავშირის დროინდელი ვაგონებითაა დაკომპლექტებული, რაც პრობლემებს ქმნის, ამიტომ მათი განახლება იგეგმება.

სწორედ ტენდერების გამო აკრიტიკებენ თბილისის მერს, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, მოსახლეობისთვის თბილისის მეტრო ყოველდღიურად უფრო და უფრო საფრთხის შემცველი ხდება. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურ გოცირიძის სამატარებლო ხიდის საყრდენი ბოძები ავარიულ მდგომარეობაშია, მერია ამ ფაქტს უარყოფს. გაურემონტებელი რჩება მეტროსადგური გურამიშვილიც, სადაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა. ექსპერტები ამბობენ, რომ მოქალაქეებისთვის მგზავრობა ყოველდღიურად სარისკოა.

შეფერხებები თბილისის მეტროში საკმაოდ ხშირია, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასეთი 3 ფაქტი დაფიქსირდა.

დღის ამბები