17 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
აქ იყო უზარმაზარი არმია პოლიციელების... ჩამოართვეს ტელეფონები, არაფრის უფლებას არ აძლევდნენ - ბარსელონაში მცხოვრები ქართველი სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს 

მასშტაბური სპეცოპერაცია ბარსელონაში - დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები. ბარსელონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, "კურიერს" განვითარებული მოვლენების შესახებ უყვება. 

დიანა ციხისთავის ინფორმაციით, მიტოვებულ შენობაში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ. მისივე თქმით, დღევანდელი სპეცოპერაციის მიზანს ქართველების დაკავება წარმოადგენდა.

„მოქალაქეები, ბავშვებიც, თავს აფარებენ ამ სკოლის შენობას, რომელიც იყო ალყაშემორტყმული, დაახლოებით, 200-300 სპეცრაზმელის მიერ. აქ იყო უზარმაზარი არმია პოლიციელების, გარეთ ვინც იყო გამოსული, შიგნით არ უშვებდნენ, შიგნით ვინც იყო, გარეთ არ უშვებდნენ. ჩამოართვეს ტელეფონები, არაფრის უფლებას არ აძლევდნენ, არც დარეკვის, არც ფოტოების გადაღების, არც ვიდეოს გადაღების, არსად არ არეკინებდნენ, არ არსებობდა იქ არანაირი თარჯიმანი. ბევრი ადამიანია გადაყვანილი სადეპორტოში. ჩემი ცნობით, იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ ეს ოპერაცია ჩატარდა ქართველების ასაყვანად. ეს არ არის მოქმედი შენობა, ეს არის მიტოვებული სკოლის შენობა, რომელშიც შეჭრილი არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, ვისაც არ აქვს სახლი, ვისაც არ აქვს არანაირი კარი და ქუჩაში, რომ არ დაიძინონ, იქ არიან თავშეფარებულები,“ - განაცხადა ბარსელონაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბარსელონაში  სპეცოპერაცია ჩატარდა. შენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს წელიწადზე მეტია ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს აქვთ დაკავებული.  

ქართველთა თავშესაფარი სინაის ქუჩაზე 300-მდე სპეც რაზმელმა შტურმით აიღო.

როგორც ესპანური მედია წერს ოპერაციის დროს, კოდური სახელწოდებით მერლი, ასევე დაკავებული არიან კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც ბარსელონასა და მის შემოგარენში 70-ზე მეტი ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.

ბარსელონაში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ საქართველოდან ემიგრირებულ ოჯახებზე ნადირობა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ესპანეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები