17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
მრავლობითი დაჟეჟილობა და სისხლჩაქცევები - დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული უჩა ილაშვილი გურჯაანის რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილეს და ადგილობრივ სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

ილაშვილი ამბობს, რომ 7 საათის განმავლობაში მას პოლიციელები სცემდნენ და მისი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. მის სხეულზე ცემის კვალი ყვარლის წინასწარი მოთავსების იზოლატორშიც აღმოაჩინეს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ მათ წერილით რაიონულ პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართეს. შეტყობინებაში წერია, რომ ნაცემ პატიმარს პოლიციელების ამოცნობა შეუძლია. დაზარალებული ამტკიცებს, რომ მას დაზიანებები ბექა ახალაურმა და ალექსანდრე შაკიაშვილმა მიაყენეს.

ილაშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს. ადვოკატი პოლიციელების საქმიდან ჩამოცილებას და საქმის გამოძიებას ითხოვს.

ალაზნის დაცულ ტერიტორიაზე მეგობართან თორნიკე ტურიაშვილთან ერთად სათევზაოდ წასული უჩა ილაშვილი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც უკანონო თევზჭერი ფაქტზე მას გარემოს დაცვის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსმა, ბესიკ შუბითიძემ წაასწრო. ილაშვილი ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელე ნახევრად შიშველი იყო და მეთევზეების მისამართით ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლის დროს, გარემოს დაცვის სააგენტოს მაღალჩინოსანთან ერთად დაიჭრა თორნიკე ტურიაშვილიც, მას ხუთივე ტყვია ზურგიდან აქვს ნასროლი. 

ოფიციალური ვერსიით, ალაზნის დაცულ ტერიტორიაზე უკანონო თევზაობის დროს რეინჯერმა შუბითიძემ ბრაკონიერები შენიშნა და მათ დაკავებას შეეცადა, თუმცა მეთევზეებმა ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. ბესო შუბითიძე ინციდენტის მერე სამსახურში არ გამოჩენილა. ის სამედიცინო შვებულებიდან სააგენტოში დღეს უნდა დაბრუნებულიყო.

გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს. სამართალდამცველთა შესაძლო ძალის გადამეტებაზე მოკვლევას პროკურატურა და გენერალური ინსპექცია აწარმოებს. მაღალი თანამდებობის დაჭრის კვალიფიკაციით კი გურჯაანის რაიონული პოლიციის იგივე პოლიციელები იძიებენ, რომლებსაც სავარაუდო ძალადობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები