17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
"ვართ მიტოვებული და არავინ არ გვეხმიანება" - ლიბიაში გარდაცვლილ დავით რაზმაძესთან ერთად მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ 

ლიბიაში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის დავით რაზმაძის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ლიბიელი სამართალდამცველები ხომალდ "დოგან ბეიზე" რაზმაძესთან ერთად მყოფ პირებს, უკვე რამდენიმე თვეა სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. მათ შორი არიან საქართველოს მოქალაქეებიც. სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ რაულ ტაკიძეს და მანუჩარ კეკელიძეც. ისინი ხელისუფლებას დახმარებას ითხოვენ.

„სამი თვე გავიდა უკვე რაც გამოძიებაა და მე მგონი, ჩვენი უფლებები ირღვევა. პასპორტები მათ აქვთ წაღებული, არ გვიბრუნებენ და საქართველოდან არავინ არ გვკითხულობს. არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც საელჩო, ასე ვართ მიტოვებული და არავინ არ გვეხმიანება. მოვითხოვთ, რომ ჩვენი პასპორტები დააბრუნონ, გამოძიება დაასრულონ, იმიტომ, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია გასული და დაგვაბრუნონ საქართველოში. ძალიან ცუდი სიტუაციაა, ლიბიაში ვიმყოფებით და აქ შეიძლება ნებისმიერ დროს ომი დაიწყოს,“-აცხადებს ქართველი მეზღვაური რაულ ტაკიძე.

განმარტებებს აკეთებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ. დიპლომატიური უწყების ცნობით, ქალაქში სადაც ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სიმშვიდეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები