ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომლის, თათია სამხარაძის მიმართ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ინტერნეტ ტელევიზია ”post tv"-ის დირექტორს, შალვა რამიშვილს 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
სექსუალური შევიწროების ხმაურიანი საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. გასაჩივრების ვადა კი უკვე ამოიწურა. თათია სამხარაძე იმედოვნებს, რომ ეს საქმე მომავალში ყველა ქალს ბრძოლას გაუადვილებს.
„რამიშვილს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ჩემს სასარგებლოდ. ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც სასამართლომ იმსჯელა სექსუალური შევიწროების საქმეზე და მით უმეტეს უფრო სასიხარულოა, რომ სასამართლომ მსხვერპლის ინტერესების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება“-ამბობს თათია სამხარაძე.
შალვა რამიშვილს კი ამ საკითხზე საუბარი არ სურს.