დედაქალაქის 6 ქუჩას 9 აპრილს გარდაცვლილი 6 ქალბატონის სახელი მიენიჭება. მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილისა და თამარ მამულაშვილის სახელები, ივერთუბანში მდებარე ქუჩებს დაერქმევა. საკითხზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საჯარო დისკუსიები დაიწყო.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს თქმით, ინიციატივის მიზანია მომავალმა თაოებებმა იმ ადამიანების ვინაობა იცოდნენ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა.
“30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ადამიანების ღვაწლი და თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ მათი სახელები ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა თავი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივა. დღეს დავაინიცირეთ საკითხი დედაქალაქში 6 ქუჩას ჩუღურეთის რაიონში კერძოდ ივერთუბანში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განმარტა, ტრაგიკულ ღამეს დაღუპული ადამიანების სახელდების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
„ყველა ის ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა და შეეწირა საქართველოს თავისუფლებას იმ ჩვენი თანამოქალაქეების გმირების სახელდებით მოხდება სხვა ქუჩებიც, შესაბამისად ეს პროცესი იქნება გაგრძელებული და დღევანდელი გადაწყვეტილებით უკვე იქნება მინიჭებული 6 ქუჩას, ხოლო შემდეგ უკვე დანარჩენი ქუჩები იქნება სახელდებული,“ - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.