გურიაში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე წუთის წინ ავიაცია ჩაერთო.
ლაითურთან ახლოს დღეს დილიდან ტყის მასივი იწვის. ცეცხლი, დაახლოებით, 20 ჰექტარზეა გავრცელებული. ძლიერის ქარისა და რთული რელიეფის გამო, მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. თუმცა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ტყის მასივში ხანძრის ქრობის პროცესში, გურიის რეგიონის სახანძრო სამაშველო ჯგუფებთან ერთად, აჭარის და იმერეთის სამაშველო ჯგუფებიც არიან ჩართული.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას, თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესს ქარი და რთული რელიეფი აფერხებს.
„დიდი ნაწილი ფართობის განადგურებულია, დაახლოებით, 20 ჰექტრამდე. ნაწილის ლოკალიზება მოხდა და საერთოდ ჩაქრობა ხანძრის, თუმცა, ქარი არ გვაძლევს საშუალებას და არის ახალი კერები, რომელიც ეტაპობრივად ჩნდება. დამხმარე ძალაც გამოვითხოვეთ, სავარაუდოდ, ვერტმფრენები უახლოეს წუთებში განახორციელებენ სამაშველო საქმიანობას,“ - ამბობს ზურაბ ნასარაია.
დაბა ლაითურში ხანძარი დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. ცეცხლი ადგილობრივებმა შეატყობინეს და სახანძრო სამსახურს მიაწოდეს ინფორმაცია.
„იმედია, საღამომდე ჩაქრება,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე