9 აპრილის უმძიმესი და სისხლიანი მოვლენები კურიერთან რუსთაველის გამზირზე მოკლული ადამიანების ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა გაიხსენეს.
ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგაც დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მათი ოჯახის წევრებზე საუბარი და ტრაგიკული მოვლენების გახსენება უჭირთ.
ისინი ამბობენ, რომ გარდაცვლილებს საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ, ასევე მათი ნაწილი მძიმე მომწამვლელ ნივთიერებაზე საუბრობს.
9 აპრილის ტრაგიკულ დღეს რუსმა სამხედროებმა ბევრი არასრულწლოვანი სასიკვდილოდ გაწირეს. მათ შორის იყო 16 წლის ნათია ბაშალეიშვილი.
მაკა ბაშალეიშვილი მისი შვილის დაზიანებებს საუბრობს და ამბობს, რომ ის მძიმე ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული.
„ჯოჯოხეთია ახლა ჩემთვის ამის მოგონება. ანგელოზივით გოგო იყო და აღარ მყავს. უნდა გათხოვილიყო, გაემრავლებინა ქართველი ერი და ასე უსიყვარულოდ წამივიდა ამ ქვეყნიდან. მოწამლული იყო უძლიერესი შხამით. თმების ფერიც კი ჰქონდა ბავშვს შეცვლილი. როგორც ქიმია გაკეთებული, ისე წითლად შეეღება თმები. რომ მომისვენეს, ასე წითლად ჰქონდა შეფერილი თმები... გაშავებული ჰქონდა ეს გულმკერდის არე მთლიანად,“ - განაცხადა მაკა ბაშალეიშვილმა.
მისი შვილის შესახებ საუბრობს კიდევ ერთი 16 წლის დაღუპული მოზარდის დედა, ლეილა ბეჟანიშვილი. თავად ლეილა ბეჟანიშვილმაც, რომელიც0 9 აპრილს შვილის მოსაძებნად იყო წასული, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და 50 დღის განმავლობაში გონება დაკარგული ჰქონდა.
„ფუძე ჰქონდა გადამტვრეული და ეს პატარა გოგო მგვანებია დიდ ქალს. დასიებული, თმები შავი ჰქონდა და ყოფილა ყავისფერი. ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, კვალი არ დატოვოსო, ასე ეწერა,“ - ამბობს ეკა ბეჟანიშვილის დედა.
9 აპრილს დაღუპულების ოჯახის წევრები და ნათესავების ნაწილი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ. მათ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილებს პატივი მიაგეს.
ისინი ტრაგედიის დღეს და მათი ოჯახის გარდაცვლილ წევრებს იხსენებდნენ.
„სიაში წავიკითხეთ, რომ ჩვენი თამუნა იყო დაღუპული. გაზით მოიწამლა. არავითარი გაზი, თავზე ძალიან დიდი ჭრილობები ჰქონდა, სულ დამტვრეული ჰქონდა ყველა ძვალი, რასაც ჰქვია და გოგო იყო გაუბედურებული, რომ მოიყვანეს სახლში. ეს იყო შემზარავი და მოუშუშებელი ჭრილობა, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ დამავიწყდება,“ - ამბობს კიდევ ერთი დაღუპულის ახლობელი.
9 აპრილს დაღუპულთა შორის იყვნენ არა მხოლოდ თბილისი მცხოვრებლები, არამედ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც.
დაღუპული აზა ადამიას დედა იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც მის შვილს ჰქონდა მიყენებული.
„დამწვარი ჰქონდა სახე და დუბინკა ჩარტყმული. სახე დამწვარი ჰქონდა, ისეთი ლამაზი სახე ჰქონდა დასახიჩრებული ჩემს შვილს. სპეციალურად გამოუშვა ჯარი, რომ ეს ბავშვები დაეხოცა,“ - ამბობს 9 აპრილს დაღუპულის დედა.