9 აპრილს დაღუპული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის დედა პრეზიდენტის მიღებაზე საერთოდ არ დაჰპატიჟეს. დაღუპულთა სიის წაკითვისას კი ეკა ბეჟანიშვილის გვარი პრეზიდენტმა შეცდომით წაიკითხა.
ამის შესახებ ეკა ბეჟანიშვილის დედამ, ლეილა ბეჟანიშვილმა, კურიერთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მხოლოდ მას შემდეგ დაურეკეს, რაც სალომე ზურაბიშვილის მისი დაღუპული შვილის გვარის წაკითხვა შეეშალა და ამის გამო ბოდიში მოუხადეს. თუმცა, მისთვის არ განუმარტავთ, მიღებაზე რატომ არ დაპატიჟეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტს მიღებაზე 9 აპრილს სიის კითხვისას თამარ ჭოველიძე საერთოდ დაავიწყდა, რის გამოც, მიღება თამარ ჭოველიძის მამამ, პროტესტის ნიშნად, დატოვა და ისიც განაცხადა, რომ მიღებაზე მისთვის სკამიც კი არ იყო გათვალისწინებული.
ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის დროს დიღუპა. ის 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლია. ეკა ბეჟანიშვილი თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო.
ეკა ბეჟანიშვილი დაჯილდოვდა „საქართველოს გმირის“ წოდებით და მიენიჭა „საქართველოს გმირის ორდენი“.