17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ბრძოლა არარსებული სამეფო ტიტულისთვის - სასამართლოში საქმის არსებით განხილვა იწყება

ბრძოლა არარსებული სამეფო ტიტულისთვის უკვე სასამართლოში ინაცვლებს. დღეს საქალაქო სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს. სხდომაზე გამოიკითხებიან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მიერ დასახელებული ისტორიკოსები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ სამეფო სახელით სარგებლობის უფლება მხოლოდ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს. სასამართლო, სავარაუდოდ, ისტორიკოს როინ მეტრეველს მოუსმენს.

პროცესს ბაგრატიონების ინტერესების დამცველები დაესწრებიან. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესების დამცველი ლევან გორელაშვილი აცხადებს, რომ ის შეეცდება სასამართლოს დარწმუნებას, რომ საქართველოს სამეფო სახლის სახელით დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ უნდა სარგებლობდეს.

„დღეს დაგეგმილი არის ისტორიკოსის, ბატონი როინ მეტრეველის გამოკითხვა. ჩვენთვის უცნობია ის გამოცხადდება, თუ არ გამოცხადდება, თუმცა მისი დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლოს დაკმაყოფილებული აქვს და ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. თუ გამოცხადდება, იგი მისცემს ზეპირ ახსნა-განმარტებას სასამართლოს. ჩემი აზრით, დღევანდელ პროცესზე საქმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ მოახერხებს სასამართლო მთავარი სხდომის დასრულებას.

"გუშინ გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნდა საერთო განცხადება, სადაც ბაგრატიონების, თითქმის, 95 %-ზე მეტი და საზოგადო მოღვაწეები აწერენ ხელს, მათ შორის როინ მეტრეველიც აწერს ხელს და სხვა ისეთი ბაგრატიონები, რომელთა პოზიციებზეც დავით მუხრანელი აცხადებდა, რომ თითქოს მათ სასარგებლოდ აძლევენ ჩვენები და მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს წერილობითი ფორმით აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია თუ ვის მიიჩნევს საქართველოს სამეფო ოჯახის ლეგიტიმურ წარმომადგენლად,“- განაცხადა ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოში დააყენებს შუამდგომლობას, რომ საქმის წარმოება შეწყდეს, რადგან დავის საგანი არ არსებობს.

„კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადოთ, რომ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გვიწევს ამ აბსურდში მონაწილეობა. ჩვენი შუამდგომლობა იქნება ამ პროცესზეც, რომ სასამართლომ შეწყვიტოს აღნიშნული საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ აღიარებს არისტოკრატულ და სამეფო ტიტულებს, ანუ ის, რის დასკვნასაც ითხოვს მოწინააღმდეგე კონსტიტუციით არ არის აღიარებული და დაცული. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი და თუ დავის საგანი არ არსებობს სასამართლომ ეს საქმე უნდა შეწყვიტოს... მაშინ მოგვიწევს იმის მტკიცება, რომ ჩვენ უფრო მეფე ვართ,“ - განაცხადა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები