ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ ორი პირი პოლიციაში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გადაიყვანეს გამოკითხვაზე. მათ მიმართ იყო დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც ჩაუტარდათ ნარკოლოგიური შემოწმება. მათ უკვე დატოვეს პოლიციის განყოფილება.
ტაქსის მძღოლები კი რომლებმაც საინიციატივო ჯგუფის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია საპროტესტო აქციის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე გაავრცელეს, აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ეს იყო მათი დაშინების მცდელობა.
„სახლიდან გამოდიოდნენ, გამოსვლისთანავე დააკავეს ჩვენი აქტივისტები და ეს ადამიანები იყვნენ ვინც მობილიზებას ახდენდნენ ჩვენი ტაქსის მძღოლების და მოხდა მიზანმიმართულად მათი დაკავება რადგან ეს ინფორმაცია არ გავრცელებულიყო ესე რომ ვთქვათ და ვერ მიეწვდინათ ხმა. მიდიოდნენ ტაქსის პარკებთან ეს ჩვენ ორგანიზატორები და უნდა შევკრებილიყავით და მოხდა მათი დაკავება,“-განაცხადა ლევან ზაურაშვილმა.